English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ მედეა ხარაიშვილი
ადამიანისეული კაპიტალის ფაქტორი ეკონომიკურ განვითარებაში და დასაქმებისპოლიტიკის გამოწვევები

ანოტაცია. სტატიაში შეფასებულია ადამიანისეული კაპიტალის ფაქტორი ეკონომიკურ განვითარებაში. გამოვლენილია  დასაქმების  პოლიტიკის საჭიროებები საქართველოში. 

ადამიანისეული კაპიტალის ფაქტორის ეკონომიკურ ზრდაზე ზემოქმედების ასახსნელად შესწავლილია ამ კაპიტალის ფორმირების წყაროები.  გაანალიზებულია ადამიანისეული კაპიტალის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინოვაციური განვითარებისა და ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები.

ადამიანისეული კაპიტალის თეორიის სხვადასხვა ასპექტით შესწავლის საფუძველზე დასაბუთებულია, რომ  თანამედროვე ეკონომიკა მოითხოვს ადამიანისეული კაპიტალის მნიშვნელოვნად მაღალ ხარისხს, ამიტომ აუცილებელია უახლეს ტექნიკასა და ტექნოლოგიაზე ორიენტაცია, ინფორმაციულ კომპიუტერული სისტემების გამოყენება, ინოვაციების  შექმნა და დანერგვა. აღნიშნული მოთხოვნების საფუძველზე განხილულია მეცნიერთა თანამედროვე შეხედულებები ადამიანისეული კაპიტალის ეკონომიკური ზრდაზე გავლენის მიმართულებით.

ადამიანისეული კაპიტალის ფაქტორის გათვალისწინებით დასაბუთებულია  დასაქმებისეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა. ნაშრომში გაკეთებულია დასკვნები და შემუშავებულია რეკომენდაციები ადამიანისეული კაპიტალის ფაქტორის ეკონომიკურ განვითარებაზე ეფექტიანი ზემოქმედებისა და  დასაქმებისპოლიტიკისშემუშავების შესახებ.

საკვანძო სიტყვები: ადამიანისეული კაპიტალი, ადამიანისეული კაპიტალის ფაქტორი,  ეკონომიკური ზრდა, დასაქმების პოლიტიკა, პოლიტიკის გამოწვევები.  

****

ადამიანისეული კაპიტალი  ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და იგი  განსაკუთრებულ როლს ასრულებს  ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ეპოქაში.

ცნობილია,  რომ ფიზიკური კაპიტალის დაგროვება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში, თუმცა, ისიც დადგენილია, რომ მატერიალური კაპიტალის ზრდა ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებაზეა დამოკიდებული. ამასთან, ადამიანისეული კაპიტალი  განიხილება, როგორც ეკონომიკური განვითარების ინტენსიური საწარმოო ფაქტორი, საზოგადოებისა და ოჯახის  განვითარების საფუძველი და სხვა.

ადამიანისეული კაპიტალი  ინტელექტუალური და მმართველობითი შრომის ინსტრუმენტია, საცხოვრებელი და შრომითი საქმიანობის გარემოა, რომელიც ადამიანისეული კაპიტალის, როგორც განვითარების მწარმოებლური ფაქტორის, ეფექტიან და რაციონალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

 ადამიანისეული კაპიტალის სწორი დაგეგმვა აუცილებელია დასაქმების პოლიტიკის ინსტრუმენტების შესამუშავებლად, რაც საბოლოოდ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს.  დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ადამიანისეული კაპიტალის ფაქტორის გათვალისწინებით დასაქმების პოლიტიკის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, ასევე, შრომის ბაზრის სტრუქტურის, უმუშევრობისა და უმუშევართა მხარდამჭერი სოციალური მექანიზმების გაანალიზება.   არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანისეული კაპიტალის ფორმირების პროცესის გავლენის გამოკვლევა ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე.  შესაბამისად, კვლევის მიზანს წარმოადგენს ადამიანისეული კაპიტალის ფაქტორის როლის შეფასება   ეკონომიკურ განვითარებაში  და  დასაქმების პოლიტიკის გამოწვევების დადგენის საფუძველზე პოლიტიკის დოკუმენტების გაუმჯობესებასა და განხორციელების მექანიზმებზე რეკომენდაციების შემუშავება.  

ნაშრომში გამოყენებულია კვლევის შესაბამისი მეთოდები, მათ შორის სამაგიდე კვლევით განხორციელებულია  მონაცემების მოპოვება, დახარისხება და ანალიზი.    შეფასებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის,  ასევე, საქართველოს პარლამენტის პოლიტიკის დოკუმენტები, ეკონომიკური პროფილის სამინისტროების  მონაცემები, გაანალიზებულია ქართველ და უცხოელ მეცნიერთა სამეცნიერო ნაშრომები და სხვა; მონაცემების შერჩევისა და  დაჯგუფების, მსგავსებისა და  განსხვავების იდენტიფიცირებისათვის, ასევე, ტენდენციების გამოსავლენად გამოყენებულია სინთეზის, ანალიზის,  ინდუქციის, დედუქციისა და სხვა მეთოდები. 

ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს შორის ადამიანისეული ფაქტორის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. (ჯულაყიძე მ., ეკონომიკური ზრდის ფაქტორები გლობალიზაციის პირობებში). კვლევამ პასუხი უნდა გასცეს კითხევებს: რა როლი აქვს ადამიანისეულ კაპიტალს ეკონომიკურ განვითარებაში? ადამიანისეული კაპიტალის ფაქტორის გათვალისწინებით როგორი უნდა იყოს დასაქმების პოლიტიკა საქართველოში? როგორ ხორციელდება ადამიანისეული ფაქტორის გამოყენებით დასაქმების პოლიტიკა საქართველოში? და სხვა.

 ადამიანისეული კაპიტალის გამოყენებით  დასაქმების პოლიტიკამ საქართველოში  უნდა უზრუნველყოს მან არა მხოლოდ „მეტი“, არამედ კარგი“ სამუშაო ადგილების შექმნა. ასეთ შემთხვევაში საკითხი ეხება დასაქმების პოლიტიკას, როგორც ეკონომიკური განვითარების აუცილებელ კომპონენტს. (დასაქმების პოლიტიკა განვითარების კონტექსტში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC თბილისი, 2020).

 ადამიანისეული კაპიტალი ეკონომიკური ზრდის პირდაპირი ფაქტორია. ამასთან, მისი მობილობა  სახელმწიფოთაშორისო დონეზე შრომის საერთაშორისო დანაწილებას და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასაც უწყობს ხელს.

ადამიანისეული კაპიტალი, როგორც ეკომომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი, განმსაზღვრელ როლს ასრულებს  ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის  კეთილდღეობის ამაღლებაში.  ადამიანისეული კაპიტალის ფაქტორის ეკონომიკურ ზრდაზე ზემოქმედების ასახსნელად თავდაპირველად, მიზანშეწონილია  მისი ფორმირების წყაროების შესწავლა. ამ საკითხის აქტუალურობას ისიც განაპირობებს, რომ თანამედროვე მსოფლიოში პოსტინდუსტრიული განვითარების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას სწორედ ადამიანისეული კაპიტალი და განათლების სისტემის ფორმირება წარმოადგენს. ადამიანისეული კაპიტალის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინოვაციური განვითარებისა და ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორის მნიშვნელობაზე მიუთითებს არაერთი მკვლევარი.  (აბესაძე, რ. (2015). ეკონომიკური განვითარება).

ადამიანისეული კაპიტალის თეორიის სხვადასხვა ასპექტით შესწავლის საფუძველზე დასაბუთებულია, რომ  თანამედროვე  ეკონომიკა მოითხოვს ადამიანისეული კაპიტალის მნიშვნელოვნად  მაღალ ხარისხს, აუცილებელია უახლეს ტექნიკასა და ტექნოლოგიაზე ორიენტაცია, ინფორმაციულ-კომპიუტერული სისტემების გამოყენება, ინოვაციების  შექმნა და დანერგვა. აღნიშნული მოთხოვნების საფუძველზე მეცნიერთა მიერ განხილულია  თანამედროვე შეხედულებები ადამიანისეული კაპიტალის ეკონომიკური ზრდაზე გავლენის თვალსაზრისით.   (მუჯირი, ი. (2016). ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაცია და ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია).

 ეკონომიკურ ლიტერატურაში როგორც თეორიული, ასევე, ემპირიული კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანისეული კაპიტალი ეკონომიკური ზრდის   უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იგი მოიცავს რა ადამიანების ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და მოტივაციას, გააჩნია ეკონომიკური ღირებულება,  რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ საკუთარი თავის, როგორც საზოგადოების პროდუქტიული წევრის რეალიზაცია. (თოთლაძე ლ., ხუსკივაძე მ. ადამიანისეული კაპიტალის როლი ინკლუზიური მწვანე ზრდის უზრუნველყოფაში).

დღეისათვის ქვეყნების განვითარების სტრატეგია ფოკუსირებულია მდგრად და ინკლუზიურ ზრდაზე, რომლის მიღწევაც შეუძლებელია ადამიანისეული კაპიტალის წვლილის გარეშე.

 ადამიანისეული კაპიტალის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია  ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან აღნიშნული ფაქტორი  დადებით გარეგან ეფექტებს იწვევს. მაღალკვალიფიციური ადამიანისეული კაპიტალი   ახალი იდეების შემუშავების საწინდარია. მას დიდი როლის შესრულება შეუძლია  ტექნოლოგიის სრულყოფის, კომპანიების ეფექტიანი მენეჯმენტისა  და ორგანიზაციის მიმართულებით, ასევე, მართვის ახალი მეთოდების შესამუშავებლად. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია  ნაკლებად მოხდეს  მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის გასვლა ქვეყნიდან ცხოვრების უკეთესი პირობების საძებნელად. როგორც აღინიშნა, ეკონომიკურ ზრდაზე ადამიანისეული კაპიტალის გავლენის შესაფასებლად მნიშვნელოვანია მისი შემადგენელი ელემენტების ანალიზი. განასხვავებენ  ადამიანისეული კაპიტალის რამდენიმე  ძირითად ელემენტს: 1. ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე; 2. გონებრივი და ფიზიკური უნარი; 3. ჩვევები (პროფესიული და ინსტიტუციური); 4. გამოცდილება (პროფესიული და ცხოვრებისეული); 5. ცოდნა (პროფესიული და ზოგადი) 6. მოტივაცია და სხვა. (აბესაძე, რ. (2015). ეკონომიკური განვითარება).

ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებისა და ეფექტიანი გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი გარემო პირობების, პირველ რიგში,  ქვეყანაში შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებობა. თუმცა, არანაკლებ აქტუალურია კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის ფორმირება, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია ადამიანისეული კაპიტალის, როგორც ეკონომიკური ზრდის ფაქტორის, შესწავლა მრავალდონიანი მიდგომებით, კერძოდ მიკრო, მაკრო, მეგა, ნანო და სხვა დონეების მიხედვით.

ადამიანისეულ კაპიტალს განიხილავენ, როგორც  ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადამიანისეული კაპიტალის განვითარების, ასევე, დასაქმების  ეკონომიკური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავება. საქართველოში ამ მიმართულებით შემუშავებულია სახელმწიფო მარეგულირებელი კანონმდებლობა, მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა,  მათ შორის აღსანიშნავია: საქართველოს სოციალური-ეკონომიკური და რეგიონული  განვითარების სტრატეგიები, საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ,  საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ,  საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, საქართველოს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ და სხვ.;  დამტკიცებულია  სახელმწიფო პროგრამები, ფუნქციონირებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

 დასაქმების პოლიტიკის სფეროში არსებული სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზით გამოვლინდა მთელი რიგი გამოწვევები.  შედეგები  ცხადყოფს, რომ დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული  პოლიტიკა ძირითადად „მიწოდების მხარის“ პოლიტიკაა. ეკონომიკური პოლიტიკის მიდგომებში  მთავარი აქცენტები დასაწყისში უნდა გაკეთდეს  შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების განსაზღვრის მიმართულებით. „მიწოდების მხარის“ პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის აუცილებელია  განისაზღვროს  „მოთხოვნადი პროფესიები“ ეკონომიკაში მომდინარე ცვლილებების მიხედვით. კრიტიკულად მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის რეგულარული კვლევა, საჭიროა კვლევის შედეგების დანერგვის  მონიტორინგი და შესაბამისი ხელმისაწვდომი  შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა.

ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებაზე უარყოფითად აისახება ემიგრაცია. მაღალკვალიფიციური ადამიანისეული კაპიტალის გადინება  განსაკუთრებით მწვავედ აისახება განითარებადი ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის  კეთილდღეობაზე. პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია  შემუშავებული სტრატეგიების შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება.  

 ამრიგად, ადამიანისეული კაპიტალი წარმოადგენს  ეროვნული ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელ, თუმცა, რთულ, კომპლექსურ და ინტენსიურ ფაქტორს. ეკონომიკურ ზრდაზე მისი გავლენის ხარისხი პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ეროვნული, კონკურენტუნარიანი ადამიანისეული კაპიტალი განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკურ სტაბილურობას, საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში მაღალ რეიტინგს. ეკონომიკაში მიმდინარე  ცვლილებების გათვალისწინებით    მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკის ისეთი ეფექტიანი  პოლიტიკის მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ინოვაციურ განვითარების, ადამიანისეული კაპიტალის  კონკურენტუნარიანობის ზრდის სამომავლო ტენდენციებს.

ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებისას მნიშვნელოვანია საუკეთესო უნარების განვითარება. უნარების წარმოქმნა შრომატევადი პროცესია, შესაბამისად ადამიანისეული კაპიტალის განვითარების  მთელი პროცესი მოითხოვს გრძელვადიან პოლიტიკას. ამგვარად ადამიანისეული კაპიტალის  ფორმირება მიუთითებს განათლებაზე, ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე და სპეციალურ უნარ-ჩვევებში მუშაკთა გადამზადებაზე. (Kenton W. 2020 ).

ადამიანისეულ კაპიტალში ადეკვატური ინვესტიციების არარსებობა, ფიზიკური კაპიტალის გამოყენების დაბალ ტემპს განაპირობებს, რაც იწვევს განვითარების ჩამორჩენას. განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობას გააჩნია ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც ნაწილობრივ გამოწვეულია ადამიანისეული კაპიტალისათვის ინვესტიციების არარსებობით.

ამგვარად ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებისას  საჭიროა პრობლემის გადაჭრა ადამიანებში აუცილებელი უნარჩვევების ჩამოყალიბებით. ადამიანისეული კაპიტალის განვითარება მოითხოვს ახალი და გაფართოებული სამთავრობო სამსახურების დაკომპლექტებას, მიწათსარგებლობის ახალი სისტემის  დანერგვას და სოფლის მეურნეობის სრულყოფისათვის ახალი მეთოდების შემუშავებას, კომუნიკაციის საშუალებების შექმნას, ინდუსტრიალიზაციის გამყარებას  და  განათლების სისტემის სრულყოფას.

ადამიანისეული კაპიტალი (ფართო გაგებით) - ეს არის ინოვაციური  ეკონომიკის ნაწილი და დასაქმების პოლიტიკის  მნიშვნელოვანი გამოწვევა. 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.    აბესაძე, რ. (2015). ეკონომიკური განვითარება. თბილისი თსუ გამომცემლობის სტამბა.
2.  მუჯირი, ი. (2016). ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაცია და ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია. თბილისი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.  www.geostat.ge

3. თოთლაძე ლ., ხუსკივაძე მ. (2019). ადამიან-კაპიტალი და მისი გაზომვის მიდგომები https://dspace.tsu.ge/bitstream/ handle/ 123456789/508/ Human%20capital%20and%20it%27s%20measurement%20approaches.pdf?sequence=1&isAllowed=y

4.  თოთლაძე ლ., ხუსკივაძე მ. ადამიანისეული კაპიტალის როლი ინკლუზიური მწვანე ზრდის უზრუნველყოფაში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების თანამედროვე პრობლემები. თბილისი.

 5. დასაქმების პოლიტიკა განვითარების კონტექსტში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC თბილისი, 2020 https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf   

6. საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/4924109?publication=1

7. ჯულაყიძე მ.,ეკონომიკური ზრდის ფაქტორები გლობალიზაციის პირობებში, http://eprints.tsu.ge/1391/ 1/Factors%20of%20economic%2 0growth%20and%20globalization.pdf  

8. Kenton W., Updated September 04, 2020;